,,ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს. შალელაშვილი სააკაშვილს რასისტული განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის ბრალდებები, რომლებზეც სააკაშვილი მის მიმართ საუბრობდა, საფუძველს მოკლებულია. ამასთან, როგორც შალელაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააკაშვილს პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა და ბიძინა ივანიშვილის იმიჯის შელახვისთვის მის გამოყენებას ცდილობდა.
,,ჩემს განცხადებაში ხაზი მინდა გავუსვა სააკაშვილის სულიერ მდგომარეობას. მისი ბრალდებებიდან აბსოლუტურად ერთი სიტყვა არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ჩემს შვილზე საუბრობდა, მკაფიოდ განვაცხადე, რომ ეჭვმიტანილი იყო აშშ-ში. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, ერთი სიტყვაც არ არის მართალი. ჩემს სიცოცხლეში ბატონ ივანიშვილთან არავითარი პირადი კავშირი არ მქონია და არც არასდროს ვყოფილვარ მისი ბიზნესპარტნიორი. როგორც ჩანს, სააკაშვილს პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა ხერხს იყენებდა, ამიტომ მე იარაღად გამომიყენა. რაზე უნდა ვისაუბრო, კომენტარის ღირსიც არ იყო, მაგრამ უკვე ღირსების საკითხამდე მივიდა საქმე“,_ გვითხრა შალელაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ქართული ოცნების“ დეპუტატ შოთა შალელაშვილს თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარული ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდა. ამასთან, სააკაშვილის თქმით, აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმაში შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა.