საქართველოში მედია პროფესიონალიზმი იზრდება, თუმცა, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში სიძულვილის ენა ჭარბობს, ხოლო არც ერთ მედიაში საარჩევნო პროგრამების სიღრმისეული ანალიზი არ არის_ამის შესახებ დღეს გაერო-ს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, მუნხტუია ალთანგერელმა საპრეზიდენტო არჩევნების მედია მონიტორინგის შუალედური შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„გაერო–ს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი 2010 წლიდან ახორციელებენ საარჩევნო პროგრამების მედია მონიტორინგს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, როგორც თავისუფალი მედიის, ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ამ კონკრეტულ მედია მონიტორინგთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ძალიან დადებითი ტენდენციაა ის, რომ ყოველ არჩევნებთან დაკავშირებით მედიის პროფესიონალიზმი საქართველოში იზრდება და არჩევნების გაშუქება ხდება უფრო პროფესიონალური და უფრო დაბალანსებული. საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა როგორც შინაარსის, ასევე გაშუქების ტექნიკის თვალსაზრისით. პრობლემა, რომელიც რჩება განსაკუთრებით ბეჭდურ და ონლაინ მედიაში არის სიძულვილის ენის არსებობა,რომელიც კვლავაც შეიმჩნევა და ჭარბობს. ასევე, სატელევიზიო ნიუსების ხარისხი არის საკმაოდ გაზრდილი და პრეზიდენტობის კანდიდატები შუქდება საკმაოდ დაბალანსებულად, მაგრამ ისევ ვერ ვხვდებით ვერც ერთ მედიაში საარჩევნო პროგრამების სიღრმისეულ ანალიზს. ეს იქნება ძალიან კარგი და არის ასევე განვითარების შესაძლებლობა ქართული მედიასთვის. მოხარული ვიქნებით ასეთ განვითარებას მომავალში დავუჭიროთ მხარი როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების კუთხით“ ,_განაცხადა მუნხტუია ალთანგერელმა.