მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს.
‘საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მუშაობის პირობები უკიდურესად კრიტიკულია. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს მდგომარეობა სასამართლო პროცესების გაშუქებისას, სადაც მედიის მიმართ ფიზიკური ძალადობა თუ დაწესებული უკანონო შეზღუდვები პირდაპირ აისახება ჟურნალისტების სამუშაო გარემოსა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოებისთვის.
სასამართლო შენობასა და ეზოში “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ფოტო-, ვიდეო- და აუდიოგადაღების აკრძალვის შემდეგ, ჟურნალისტები და ოპერატორები თვეების განმავლობაში დილიდან საღამომდე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში – ზამთარში ყინვაში, ზაფხულში კი უკიდურეს სიცხეში. ისინი თითქმის ყოველდღიურად აშუქებენ პროცესებს შენობის შესასვლელიდან, ხშირად საათების განმავლობაში, ამინდისა და ტემპერატურის მიუხედავად. არ არსებობს ტექნიკურად გამართული სივრცე, სადაც მედიის წარმომადგენლებს ელემენტარული სამუშაო პირობები ექნებოდათ. მაღალია რისკი ფიზიკური და ჯანმრთელობის დაზიანებისა.
არსებული მდგომაროების გათვალისწინებით იუსტიციის საბჭომ უნდა უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადოდ მოწყობილი უსაფრთხო სამუშაო სივრცის მოწყობა, რომ მედიას ნორმალური პირობები ჰქონდეს პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად“,_ აცხადებს მედიის ადვოკატირების კოალიცია.
ფოტო მედიაჩეკერის გვერდიდან.































































