2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით, _ მედიაომბუდსმენი კენჭისყრის დღის შეფასებას აქვეყნებს.
კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი.
“მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა.
დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება.
მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ.
წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს ჩვენთვის ცნობილი დარღვევების მხოლოდ ნაწილს, რომელშიც უკვე მკვეთრად გამოკვეთილია დანაშაულის ნიშნები.