რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ლიტვის მიერ კალინინგრადის ტრანზიტის შეზღუდვას Аргументы и факты-სთან ინტერვიუში “თავხედური” უწოდა.
მისი თქმით, ლიტვას თავისი ნაბიჯების შედეგები არ ადარდებს. მედვედევი ვილნიუსს არაპროპორციული პასუხით ემუქრება.
“რა თქმა უნდა, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს და ისინი ძალიან ხისტი იქნება. ჯერჯერობით არ დავაზუსტებ, ზუსტად რაები იქნება. ბევრი შესაძლებლობაა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური სახისაა და შეუძლია სუნთქვა შეუკრას ჩვენს ბალტიისპირელ მეზობლებს, რომლებიც მტრულად მოქმედებენ. არსებობს ასიმეტრიული ზომების მიღების შესაძლებლობაც, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს კონფლიქტის კრიტიკულ გამწვავებას”. – თქვა მედვედევმა.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუქარის დროს განაცხადა, რომ ასეთი ესკალაცია ლიტვის რიგით მოქალაქეებს შეეხებათ.
“ასეთი ესკალაცია ცუდი არჩევანია და მისგან დაზარალდებიან ლიტვის უბრალო მოქალაქეები, რომელთა ცხოვრების დონე ისედაც არაა ყველაზე მაღალი, ევროკავშირის სტანდარტით კი უდაბლესია”. – აღნიშნა მედვედევმა.
მედვედევი კალინინგრადის ტრანზიტის ჩაკეტვაზე სრულ პასუხისმგებლობას არა ევროკავშირს, არამედ ვილნიუსს აკისრებს. მისი თქმით, ლიტვამ კიდევ ერთხელ აჩვენა “გონებაჩლუნგი რუსოფობიული დამოკიდებულება”.
ავტორი