“თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, ალიანსის სახმელეთო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან ორზე მეტჯერ გაიზრდება.“ – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.
მედვედევის თქმით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლით, რუსეთის ოფიციალური მოწინააღმდეგეების რიცხვი გაიზრდება.
“თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, ალიანსის სახმელეთო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან ორზე მეტჯერ გაიზრდება. ბუნებრივია, საჭირო იქნება ამ საზღვრების გამაგრება, სახმელეთო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება, ფინეთის ყურის წყლებში მნიშვნელოვანი საზღვაო ძალების განლაგება. ასეთ შემთხვევაში, ბალტიკის არაბირთვულ სტატუსზე საუბარი შეუძლებელი იქნება – ბალანსი უნდა აღდგეს.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ეყოლება მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე”. – დაწერა მედვედევმა.
ცნობისთვის, ფინეთი და შვედეთი აქტიურად განიხილავენ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას და განაცხადი, შესაძლოა, ამ წლის ზაფხულში წარადგინონ.
ავტორი