ლანჩხუთში ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო აღზრდის პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ იმისთვის რომ კორონაპანდემიის პირობებში ინტერნეტის გარეშე დარჩენილ მოსწაავლებს რომ დახმარებოდა, გამოსავალი მოძებნა და იაები მოაშენა მოსწავლეებისვე დახმარებით, გაყიდა და შემოსული თანხით ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად ბავშვებს მეგაბაიტები შეუძინა.
როგორც ლადო ამბობს, არის ოჯახები, სადაცა საშუალება არ აქვთ, რომ შვილებს თუნდაც ერთი თვით ულიმიტო ინტერნეტი შეუძინონ.

„მშობლები არჩევანის წინაშე დგანან, საკვები შეიძინონ ბავშვებისთვის თუ მეგაბაიტები, რომ ბავშვებმა გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ. ზოგმა არჩევანი საკვებზე გააკეთა, რაც იმითაცაა განპირობებული, რომ ოჯახს რამდენიმე შვილი ჰყავს და სათანადო რაოდენობის ტექნიკა არ აქვთ, რომ ყველამ შეძლოს გაკვეთილზე დასწრება. ამ რთული სიტუაციის გამო, გაზაფხულზე, პირველი ტალღის დროს სხვადასხვა ორგანიზაციებს დავუკავშირდი და მათი მეშვეობით შევძელი დავხმარებოდი ბავშვებს. მოსწავლეების ტელეფონის ნომრებს ვუგზავნიდი და ისინი ურიცხავდნენ თანხას. მაშინ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 482 ბავშვს დავეხმარეთ. ახლა კი მომერიდა ისევ შემეწუხებინა ვინმე და გადავწყვიტე სხვა გამოსავალი მეპოვა.
რადგან „აი ია“-თი ვიწყებთ განათლების მიღებას, გადავწყვიტე ია მომემრავლებინა, რაც სიმბოლურიც იქნებოდა. ვიშოვე იის ფოთლები, ბათუმიდან მიწა წამოვიღე, ქოთნებიც შევიძინე და დავიწყე ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. ერთი კვირა დამჭირდა, რომ ფოთლები ქოთნებში ჩამერგო, სამი კვირის მერე კი იის პატარა ჭუკებიც გაჩნდნენ. ჩემს მოსწავლეებსაც ვასწავლე ეს საქმე, იების გახარება მათაც დაიწყეს და ასე 516 გახარებული ქოთანი მივიღეთ“, _ ჰყვება ლადო მასწავლებელი, რომელმაც გახარებული იები ბათუმსა და თბილისში გაყიდა.
„საკოლექციო იები იყო ძალიან ლამაზები. თბილისსა და ბათუმში ყვავილების მაღაზიაში გავყიდეთ. ახალი ფოთლები კიდევ მაქ ჩარგული, იქნებ დაგვჭირდეს“.
როგორც ლადო მასწავლებელი ყვება პანდემიის პირობებში 512 მოსწავლისთვის შეძლეს ინტერნეტის თანხის ჩარიცხვა. ასევე 10 მრავალშვილიან ოჯახს შეუყვანეს ინტერნეტი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში შეძლებენ უფასო ინტერნეტმომსახურებით ისარგებლონ. დაეხმარნენ იმ ოჯახებსაც, ვისაც ინტერნეტი ჰქონდა, თუმცა, თანხის გადახდას ვერ ახერხებდა, რამდენიმეს ტელეფონიც კი შეუძინეს, რომ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ.
„რა თანხაც მოგვრჩა, მოსწავლეებთან ერთად, მაღაზიაში წავედით და ობოლ ბავშვებს პროდუქტები ვუყიდეთ…
არ ვიცი განათლების სამინისტრო რამდენად ვალდებულია, ყველა მოსწავლეს ინტერნეტი შეუძინოს, თან არის ოჯახები, რომელსაც ამის საჭიროება არ უდგას და მშობლებს აქვთ საშუალება, საკუთარი სახსრებით მოახერხონ ეს. დახმარება იმ კატეგორიას სჭირდება, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, ზოგის მშობელი დაწესებული შეზღუდვების გამო დარჩა შემოსავლის გარეშე, ეს კი სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს, რადგან პრობლემის აღიარებით მისი გადაჭრის გზებიც მოიძებნება, თუმცა, საქართველოში, რატომღაც მიჩქმალვას ვამჯობინებთ.
როცა სოციალური ქსელით გავრცელდა ეს ამბავი, კეთილი ადამიანები ამ ბავშვებს ინტერნეტის თანხას თავად ურიცხავენ. აქტიურობენ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც“-ჰყვება ლადო მასწავლებელი.

































































