თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე, _ ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, თბილისის მერის არჩევნებში მობაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მოგვიანებით გასცემს.
“სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, მართლები ვიქნებით და გავიმარჯვებთ. სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე”, – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება რამოდენიმე წუთის უკან დატოვა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.