ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს. ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს. ამნისტიაზე ვერ დამითანხმებთო, არც მაგაზე იტყვის უარს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი წერს.
„ის დრო გამახსენა, „ორკესტრირებული მუშაობა“ რომ დაუდგინა ერთმა ცნობილმა საერთაშორისო ინსტიტუტმა. როგორც ჩანს, ისევ იქ არიან. საერთო ჩატში.
სამწუხარო სანახავია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არც ნიკა მელიას და არც საკუთარ თავს, დიდი ხანია, ღირსეული გამოსავალი აღარ დაუტოვეს და ახლა, მისი და საკუთარი თავების, ამ სირცხვილიდან გამოძვრენას ცდილობენ, რომელიც, ნაწილობრივ, საკუთარ ქვეყანასაც აკადრეს.
ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს.
ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს.
ამნისტიაზე ვერ დამითანხმებთო, არც მაგაზე იტყვის უარს.
სიმართლეს, ბოლოს, ყველა უსწორებს თვალს. გაყალბებულ არჩევნებს ვინც გაიძახოდა, ახლა „სხვებმა შეცდომაში შეგვიყვანესო“ – ამბობენ. უბრალოდ, ამასობაში, საკუთარ ქვეყანას რას ერჩიან?!… ექვსი თვე ტყუილს უყვებოდნენ „გაყალბებულ არჩევნებზე“, სამი თვე – ტყუილს ქართველ ნელსონ მანდელაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.