26 იანვარს, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში პოლიციის ხუთ ოფიცერს 29 წლის კაცის, თაიერ ნიკოლსის მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს. გავრცელებული ინფორმაციითა და ვიდეომასალის მიხედვით, სამართალდამცავებმა მოქალაქე სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნიკოლსი 10 იანვარს საავადმყოფოში მას შემდეგ დაიღუპა, რაც სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. პოლიციის თანამშრომლებმა იგი მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს. ამას მოჰყვა შელაპარაკება, რომლის დროსაც ოფიცრებმა მის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. პროკურატურის ცნობით, ნიკოლსმა ფეხით გაქცევა სცადა, თუმცა მახლობლად კიდევ ერთი შეხლა-შემოხლა მოხდა. შედეგად ნიკოლსმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. იგი სამ დღეში დაიღუპა.
ვიდეოში ჩანს, რომ დაპატიმრების დროს 29 წლის ტაიერ ნიკოლსი პოლიციელებს წინააღმდეგობას არ უწევს და მიუხედავად ამისა პოლიციელები მასზე ფიზიკურად ძალადობენ.
მომხდარის გამო მემფისში საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრაციები გაიმართა შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში.
ხუთ ოფიცერს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში გატაცებისთვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცდომისთვის წაუყენეს. ბრალდებულთა ასაკი 24-დან 32 წლამდე მერყეობს.
სამოქალაქო ინტერესიდან გამომდინარე, შემთხვევის კადრების გავრცელება კვირისთვის იგეგმება. კადრების სიმძიმის გათვალისწინებით, მემფისის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ვიდეოს გასაჯაროებამ მოსახლეობის მღელვარება შესაძლოა უფრო მეტად გაამწვავოს.
ავტორი