მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ტარას იჩქიტიძე 95 წლის გახდა. იუბილარს დაბადების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
“ხარაგაულის რაიონში, სოფელ მოლითში დავიბადე. ჩემი ორი უფროსი ძმა ფრონტზე იყვნენ ომის დაწყების დღიდან. მე კი ჯერ სკოლაში ვსწავლობდი. შინიდან ორჯერ გავიპარე. პირველ ჯერზე, ჩემი წლოვანება რომ შეიტყვეს, უკან დამაბრუნეს, მაგრამ შემდეგ ცდაზე წამიყვანეს. ახლაც თვალწინ მიდგას ის ამბავი, რაც გაწვევის ადგილზე ხდებოდა _ ტიროდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ, საყვარელ ადამიანებს ემშვიდობებოდნენ… ზოგს _ სამუდამოდ…
ათ ახალგაზრდასთან ერთად წამომიყვანეს ჩემი რაიონიდან თბილისში. 1942 წლის 5 მაისი იყო. დედაქალაქშიც ყველა ტიროდა, აქაც ერთმანეთს თვალცრემლიანი ემშვიდობებოდნენ. ნავთლუღის მიმღებ პუნქტში აღმოვჩნდით, თმა გადაგვპარსეს, მატარებელში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს. ვფიქრობდი, სადმე გავჩერდებით და დედას წერილს მივწერ-მეთქი, მაგრამ 38 დღე-ღამე ვიარეთ და ვლადივოსტოკში ჩავედით. საბოლოოდ, კუნძულ სახალინზე ისე აღმოვჩნდი, რომ დედას წერილი ვერ გავუგზავნე.
სახალინზე ფიცი დავდეთ და მესაზღვრეების ნაწილში ჩავირიცხე. მძიმე დღეები დამიდგა. ყოველღამე, სულ ცოტა, ორჯერ მაინც განგაში ცხადდებოდა, ბევრს გვარბენინებდნენ. ცოტა ხანში მივიღეთ განკარგულება, რომ ფრონტზე უნდა წავსულიყავით. ორი თვის შემდეგ მოვხვდი კუიბიშევში, სადაც ჩვენი ნაწილი დააკომლექტეს და 62-ე არმიას შეუერთეს. დივიზია 45-ე იყო. გამოგვიცხადეს, რომ სტალინგრადში უნდა ჩავსულიყავით.
ბავშვობაში შურდულიდან კარგად ვისროდი, ამიტომ, როცა იარაღს გვირიგებდნენ, ვთქვი, კარგი სნაიპერი ვარ, ამ საქმეში გამოვდგებიმეთქი. კარაბინი მომცეს. სნაიპერის მოვალეობა ნეიტრალურ ზონაში ბრძოლაა. სტალინგრადში ქარხანა იყო, “წითელი ოქტომბერი”. სწორედ ამ ქარხნის ტერიტორიაზე ვიბრძოდი წინა ხაზზე ორ თვის განმავლობაში. 1943 წლის 14 იანვარს დამჭრეს.
გერმანელები და ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. მათი სანგრებიდან ამოსული კვამლი ჩანდა, ხმა გვესმოდა, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავდით,რადგან ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. როცა გერმანელმა მესროლა,მივხვდი, რომ დამჭრა, მაგრამ სროლა მოვასწარი. დიდხანს ვიყავი მიწაზეგართხმული, მეგონა, კიდევ მესროდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოვკალი.
საველე პირობებში გაშლილ ლაზარეთში შევედი, ჭრილობა დამიმუშავეს, აუცილებელი აღმოჩნდა ჩემი ჰოსპიტალში გადაყვანა. ჩემზე უმცროსი გოგო იყო ერთი, რომელმაც, როგორც კი მოსაღამოვდა, ციგაზე დამაკრა და წამიყვანა. გზა არ იყო, ვოლგის ნაპირზე მოვდიოდით. თითქმის მთელი ღამე მატარა, 8 კილომეტრი გამოვიარეთ და ბორანთან მიმიყვანა.
მხოლოდ ჰოსპიტლიდან მოვახერხე დედისთვის სამკუთხა წერილის გაგზავნა.დედას ჩემი წერილი რომ წაუკითხავს, გონება დაუკარგავს და რამდენიმე დღის შემდეგ დაღუპულა კიდეც ახალგაზრდა ქალი. რვა თვის განმავლობაში ჩემზე არაფერი იცოდა…
მალე გამოვჯანმრთელდი და ფრონტს დავუბრუნდი. ვიბრძოდი ბელორუსიაში, დიდი ბრძოლები გადამხდა დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში, ნიკოლაევში, ოდესაში… იქაც დამჭრეს, მერე _ პოლონეთშიც. პოლონეთი და გერმანია ფეხით მაქვს მოვლილი.
ფრონტიდან სამივე ძმა დავბრუნდით.
როგორც სნაიპერმა, სტალინგრადში 18 გერმანელი გავანადგურე, სულ კი დიდი სამამულო ომის პერიოდში _ 59 ფაშისტი. ორჯერ დაწერეს გაზეთში ჩემზე.
მას შემდეგ ბევრი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ბევრიც _ ცუდი, მაგრამ დიდი სამამულო ომის დღეები ვერაფერმა დამავიწყა.”- იხსენებს ბატონი ტარას იჩქიტიძე.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ ტარასს. (R)