პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას თქმით, საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების“ ლოგოიანი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო.
„ეს იყო მექანიკური შეცდომა, უცებ მანქანიდან რომ გადმოხვალ და პირბადეს გაიკეთებ... რა თქმა უნდა, ეს დარღვევაა. ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და როგორც ვხვდები, ჯარიმის გადახდაც მომიწევს.
დილით, პირველი ამომრჩეველი ვიყავი და პირბადე, მანქანაში რაც იყო, გავიკეთე. სამწუხაროა, რომ ასეთი რაღაც დამემართა. ფაქტია, რომ დარღვევაა და მეც მომიწევს პასუხის გაცემა”, _ აცხადებს კუჭავა.
საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” სიმბოლიკიანი პირბადით პარლამენტის თავმჯდომარის მისვლის გამო, საჩივარი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დაწერა:
მედიით გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალით დასტურდება, რომ კენჭისყრის შენობაში ის იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო “ქართული ოცნების” სიმბოლიკა. ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით წარვადგინეთ საჩივარი. აქ კიდევ ერთი ფაქტია აღსანიშნავი, რომ ჩვენ საჩივარი ელექტრონული რეესტრის საშუალებით გავაგზავნეთ, თუმცა არასამუშაო საათებში ელექტრონული რეესტრის საშუალებით საჩივარი ვერ წარვადგინეთ შესაბამის საოლქო კომისიაში იმიტომ, რომ სამუშაო საათებში იღებდა ეს ვებგვერდი ამ ინფორმაციას. ჩვენ შემდგომ გვქონდა ცესკოსთან კომუნიკაცია და ეს ხარვეზი გასწორდა. თუმცა საგულისხმოა, რომ ეს ფაქტიც აღვნიშნოთ”.
დარღვევის ფაქტს ცესკოც გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია და კუჭავას მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებით საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
ფოტო: ipn.ge