დღეს სამტრედიაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი იყო განსახილველი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა.
შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ საკრებულომ ზემოაღნიშნული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუწყვიტა მერაბ უღრელიძეს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” დატოვების გამო და პოლიტიკურ გაერთიანებაში ,,ხალხის ძალა” გადასვლასთან დაკავშირებით.
საკრებულოს ოპოზიცია ამ ფაქტს 10 ნოემბერსაც ეჭვის თვალით უყურებდა. მათი უნდობლობა დღევანდელმა ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა და ფარსი უწოდეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მანანა სირბილაძემ 15 ნოემბრის საკრებულოს სხდომის მონაწილეებს საფინანსო – საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კვლავ მერაბ უღრელიძის კანდიდატურა შესთავაზა, რასაც საკრებულოს ოპოზიციის ხელახალი კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ გაიმართა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგებით, მეხუთე მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, 25 ხმით საკრებულოს უმრავლესობამ მერაბ უღრელიძე აირჩია.
ავტორი