ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი ე.წ. უდოს კომისიის დღის წესრიგში, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დადგეს.
სამედიცინო კვლევის შედეგად, მერაბიშვილს დაავადება ჰორნერის სინდრომი დაუდგინდა, რაც, შესაძლოა, ყოფილი პრემიერის ვადაზე ადრე გათავისუფლების მთავარი მიზეზი გახდეს.
მმართველი პარტიის პოზიცია მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კრიტიკულია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპეკერი გია ვოლსკი აცხადებს, მერაბიშვილის მეირ ჩადენილი დანაშაული შეწყალებას არ ექვემდებარება.
„ვფიქრობ, რომ კონკრეტული ადამიანები საერთოდ იმსახურებენ მეტ მოწყალებას, მაგრამ არის დანაშაული, რომელიც შეწყალებას არ ექვემდებარება“, _ განაცხადა ვოლსკმა.
„მერაბიშვილის შეწყალება არის წმინდა ჰუმანური თემა, რომელიც პოლიტიკურ ელემენტს არ შეიცავს“, _ აცხადებს ,,გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.
ხუხაშვილის თქმით, საკითხავია, მერაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით რამდენად ჰუმანური იქნება ე.წ. უდოს კომისია.
,,ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურად საინტერესო აღარ არის, ამიტომ მისი შეწყალება წმინდა ჰუმანიტარული საკითხია.
შს მინისტრად ყოფნის პერიოდში, მასზე დადიოდა ლეგენდები, თითქოს უნიკალურ მონაცემებს ფლობდა, მაგრამ ახლა მისი პოლიტიკური ფაქტორი არაფრის მომცემია, რაც გამოჩნდა მისი პრემიერობის პერიოდში. როგორც საჯარო ფიგურა დღეს ის პაროდიად იქცა“, _ გვითხრა ხუხაშვილმა.
მერაბიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანმიმართულ მოწამვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულის დასადგენად მსჯავრდებულს გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს.
კვლავ დადგება თუ არა დღის წესრიგში ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ე.წ. უდოს კომისია, ჯერჯერობით, უცნობია.

































































