პოლიტოლოგი, სოსო ცისკარიშვილი პრეზიდენტის მიერ დავით ნარმანიას სემეკის წევრობის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა. როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, ნარმანიასთვის აღნიშნული თანამდებობა კომფორტულია, რადგან, მისი თქმით, თბილისის ყოფილი მერი პროფესიით ეკონომისტია. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, დავით ნარმანიასთვის ამ თანამდებობის დაკავება დასვენების ტოლფასია.
„ნარმანიას ბიოგრაფიაში ძნელად დასაჯერებელია ასეთი სახის ცვლილება. რასაკვირველია, ამ თანამდებობაზე მისი წარდგენა კომფორტულია, რადგან რამდენიმეთვიანი მდუმარების შემდეგ, ამოსუნთქვის საშუალება ეძლევა. გარდა ამისა, ხელფასი და თანამდებობა მისთვის მიმზიდველია. თბილისის მერობის დროს, ნარმანია არ იყო დამოუკიდებელი მერი, ის შემსრულებელი იყო ყველა ზეწოლის, რომელიც მასზე ხორციელდებოდა. სემეკის წევრობის კანდიდატად მისი წარდგენა ემსახურება იმას, რომ მასზე გაბრაზებული არავინ დარჩეს. უნდა აღვნიშნო, დღევანდელი მერის პირველ ნაბიჯებს ვხედავ და არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ნარმანია მოგვენატროს. ბატონი დავითი პროფესიით ეკონომისტია და უნდა ვთქვა, რომ მისთვის ეს თანამდებობა იმაზე უფრო შესაფერისია, ვიდრე თბილისის მერობა იყო, ამიტომ, ვფიქრობ, ახალი სამსახურის სავარძელზე კომფორტულად მოთავსდება“- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს შორის დავით ნარმანია წარადგინა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, ნარმანიას გარდა, ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილნი არიან გოჩა შონია და მაია მელიქიძე.