გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, მეტროსადგურებთან პოლიციელები ხვდებიან მოქალაქეებს და ართმევენ აირწინაღებს, ნიღბებს და სხვა ნივთებს. გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება.
“როგორც მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან პოლიციის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს უთხრეს (21:02, ტვ პირველი), ისინი ზედაპირულ დათვალიერებას ახორციელებენ.
განვმარტავთ, რომ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი.
ასევე, აღსანიშნავია, რომ აირწინაღი, ნიღაბი, პირბადე არ წარმოადგენს ისეთ ნივთებს, რომელთა გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უცნობია რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს შსს აქციის დასაშლელად, დემონსტრანტებისთვის გაზისაგან და სხვა ქიმიური ნივთიერებებისგან დამცავი ნიღბების ჩამორთმევა არის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.
აშკარაა, რომ პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ემსახურება მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას”,_ აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.