„მეცხრე ბლოკი აფეთქდა თუ რა ხდება?!“ _ ამ კითხვით მიმართა ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს საკრებულოს წევრმა ლელა ჩახვაძემ დღეს გამართულ სხდომაზე. როგორც ჩახვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად უწყდება ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ ნინოშვილის მოსახლეობას.
„სხვაგან როგორაა არ ვიცი, მაგრამ ათი დღის განმავლობაში, სოფელ ნინოშვილში, შვიდჯერ შეწყდა სხვადასხვა დროით. ერთი დღე 12 საათით იყო გამორთული. რა ხდება ბოლოს და ბოლოს, რა სიტუაციაა ვერ ვხვდები. მეცხრე ბლოკი აფეთქდა თუ რა ხდება?!“ _ კითხვა დასვა დეპუტატმა.
მერის თქმით, როცა ელექტროენერგიის გათიშვა ხდება, აბონენტს წინასწარ ეგზავნება სმს-ს შეტყობინება და თუ ასეთი არ არის, მაშინ ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი ავარიული გამორთვაა.