BBC– ის ინფორმაციით, სამხრეთ ინდოეთის შტატ კერალაში მომხდარი მასიური მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 158-ს გადააჭარბა, ოფიციალური პირების თქმით, 187 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. მაშველებმა 3000 ადამიანი გადაარჩინეს და დროებით ბანაკებში გადაიყვანეს.
მაუწყებლის ცნობით, სამაშველო სამუშაოები, რომელიც სამშაბათს გვიან ღამით შეჩერდა, ოთხშაბათს დილით განახლდა.
ინფორმაციისთვის, მეწყერი სამშაბათს ინდოეთის დროით დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა ჩაის და კარდამონის ტერიტორიებით გარშემორტყმულ ადგილას.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეგიონი არ იყო მიდრეკილი მეწყრებისკენ და დიდი მსხვერპლი იმან გამოიწვია, რომ ადამიანებს სტიქიის დაწყებისას ეძინათ. დაკარგულთა შორის არიან პლანტაციების მუშები და მიგრანტი მუშები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ.
მომხდართან დაკავშირებით ორ დღიანი გლოვა გამოცხადდა.