ისრაელში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტების იმედის” დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს. როგორც მას გარდაცვლილის დედამ მიაწოდა ინფორმაცია, შემთხვევა 1-ელ იანვარს მოხდა და გარდაცვლილია 31 წლის მიშიკო წიკლაური, რომელიც ისრაელის მოქალაქე იყო.
გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა, ნანული სულაძე ამბობს, რომ ოჯახით ცხოვრობენ ისრაელში და მისი ვაჟი ისრაელის მოქალაქე იყო.
“ჩემი შვილი 9 წელი ისრაელის მოქალაქე იყო. 4 იანვარს შუადღისას ჩვენთან მოვიდა პოლიცია და ჩემს მეუღლეს და ქალიშვილს შეატყობინეს, რომ ჩემი შვილი სამსახურში არ გამოცხადდა და ეძებდნენ. ჩემი შვილი ცხოვრობდა ბათ-იამში, თელ-ავივის რაიონში. მივიდნენ მასთან სახლში, შეამტვრიეს კარები და ყელში დანა დარტყმული დახვდათ. გამოძიება მიმდინარეობს, მე ბევრი არაფერი ვიცი, მეუბნებიან ემიგრანტმა ქალმა მოკლაო, ქართველმა”.
წიკლაური შვილის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს საკონსულოსთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს.
wyaro: ambebi.ge