„ახალი წლის წინა დღეებში მოვიკითხე, თუმცა თითქმის ყოველდღე ვიწერებოდით სამეგობრო ჩატში, იქ განვიხილავდით ყველაფერს.
“ხშირად ვსაუბრობდით მომავალზე, უკეთეს ცხოვრებაზე, უკეთეს საქართველოზე, სიბერეზე, შვილებზე.
მართალი და უშიშარი ადამიანი, იუმორით, ჯიგრით, თანადგომით და ტიპიური მეგრული ქარიზმით სავსე ახალგაზრდა კაცი, კარგი ძმა, კიდევ უკეთესი ძმაკაცი და დიდებული მამა.
მახსოვს, აბიტურიენტობის დროს მითხრა, გალაკტიონის 50 ლექსი ვიციო, ისეთები, წაკითხულიც რომ არ გექნებაო.
ასეთი ბიჭი დავკარგეთ, იმედებით, ოცნებებით და სიყვარულით სავსე.
ვერ ვიჯერებ, ეს რა საშინელი კალანდობა გათენდა..“, -ასე ეხმიანება ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მეგობრის ზუგდიდელი თორნიკე კვარაცხელიას გარდაცვალებას ფილადელფიაში.
35 წლის ახალგაზრდა ამერიკაში, დაახლოებით, ერთი წლის წინ წავიდა.
მას დედა, მეუღლე და 2 შვილი დარჩა. იგი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ჯერჯერობით უცნობია,თუ როდის გადმოასვენებენ ცხედარს სამშობლოში.