„რაც შეეხება მეუფე იაკობს, სამწუხარო ამბავია ესეც. ყველამ ნახეთ და მოისმინეთ მისი განცხადება, რომელიც იყო ძალიან უსიამოვნო, არაკორექტული ყველა თვალსაზრისით.
პატრიარქმა დღეს ასეთი კომენტარი გააკეთა, რომ მეუფე იაკობმა გამოიჩინა ძალიან დიდი სულიერება, გადადგა ქორეპისკოპოსის და საფინანსო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან. გარდა ამისა, მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქს ჩააბარა ძალიან სერიოზული აღსარება, რომლის შესახებაც არავითარი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება და ჩვენგანაც ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის“, _ განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
მისივე თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ საუბარი არ ყოფილა:
„ის, რაც მეუფე იაკობმა განაცხადა, გარდა იმისა, რომ არაკორექტული ფორმით იყო, თავისი შინაარსით არის განხილვის საგანი და სწრაფად ამის განხილვა შეუძლებელია, მაგრამ დღეს ამის შესახებ არ ყოფილა საუბარი. ამ საკითხზე მსჯელობა იქნება, ოღონდ შესაბამისი ფორმით _ ეს არ არის უბრალო საკითხი“, _ აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.