ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქის და დაკავებული დეკანოზის მამა გიორგი მამალაძის შეხვედრა, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა ჩაშალა.
განცხადება მეუფე პეტრემ ე.წ. მატროსოვის ციხესთან გააკეთა. მან ჟურნალისტებთან მამა გიორგისა და პატრიარქის არშემდგარ შეხვედრაზე ისაუბრა. მეუფემ განაცხადა, რომ უწმინდესს ჰქონდა ბრალდებულ დეკანოზთან შეხვედრის სურვილი.
„პატრიარქის ჩამობრძანებიდან უკვე საპატრიარქოში სიტუაციას მართავს, ყველაზე დიდი დამნაშავე, სცენარის ავტორი, შემოქმედი ამ სკანდალისა ქალბატონის სახით, რომელიც მე ვფიქრობ სასწრაფოდ უნდა ჩამოცილდეს ამ მმართველობას, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი.
“გაკეთებული განცხადებები, მამა მიქაელის განცხადება, სხვა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით, მისი გარემოცვისგან რაც კეთდება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიების პროცესისათვის. მე ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრე ასევე განმარტავს, რომ პატრიარქის სურვილი იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე თავმდებით გაეთავისუფლებინათ, თუმცა ესეც შორენა თეთრუაშვილის ჩარევით არ განხორციელდა.
მეუფე პეტრ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის სანახავად მივიდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს.
„ძალიან მოულოდნელი პასუხი მივიღე, რომ არ მიშვებენ მამა გიორგის სანახავად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს ისევ ხელისუფლება ამ შემთხვევაში.
როდესაც პირველად ვნახე მამა გიორგი, მას არ აქვს საშუალება საინფორმაციო საშუალებებს მოუსმინოს. არ აქვს ტელევიზორი და ვფიქრობ, რომ დღემდე ტექნიკური მიზეზებით აფერხებენ ამ საკითხის მოგვარებას,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.
წყარო: რუსთავი 2