პატრიარქის მოსაყდრეს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ძებნილი არასრულწლოვანი ეკლესიას აფარებს თავს.
მეუფე შიოს სიონის ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანმა ეკლესიას შეაფარა თავი.
„მე არ მაქვს ინფორმაცია და არ მგონია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თავი ეკლესიას შეაფარა“,- განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.
ამასთან, მიტროპოლიტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ერის ტრაგედია უწოდა.
მეუფე შიოს თქმით, ილია მეორე მომხდარს ძალიან განიცდის.
„ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩევნგანისთვის ეს არის საზარელი და სასტიკი ტრაგედია. ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები“,- აღნიშნა მეუფემ.
შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დაკავებულია, ხოლო მეორეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა.
1tv.ge