გასულ კვირას, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი „”პრეზიდენტობა არ შეიძლება”.
“კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ.
ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ.
თქვენ ბრძანეთ ერთ–ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დასძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება, როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო.
მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე.
ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება.
ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს. ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ.
გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამ განცხადების პარალელურად, გურიაში წინასაარჩევნო შეხვედრების შემდგომ, გუშინ, სუფრა ერკეთის დედათა მონასტერში გაუშალეს.
ჩვენი ინფორმაციით, სუფრისთვის საჭირო თანხა პარტიის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ გაიღო და საარჩევნო შეხვედრიდან მონასტერში მისულ სტუმრებს სუფრა მზად დახვდათ.
იცოდა თუ არა სალომე ზურაბიშვილის სტუმრობის და მასპინძლობის შესახებ ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე იოსებმა ვერ გავარკვიეთ _ მიტროპოლიტმა „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია მარიამმა კი გვითხრა, რომ მონასტერში პატივსაცემ და წარმატებულ ადამიანებს უმასპინძლეს.
_ დედა მარიამ, 19 სექტემბერს, ეპარქიის ხელმძღვანელმა, მეუფე იოსებმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება. საპრეზიდენტო კანდიდატს თქვენ გუშინ სუფრა გაუშალეთ. მეუფისგან გქონდათ კურთხევა თუ ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება იყო?
_ ჩვენთან იყვნენ სტუმრები, რომლებმაც ტაძარი და სიწმინდეები მოილოცეს, სტუმარი კი ღვთისაა…
_ ტაძარში სტუმრობას არ ვგულისხმობთ _ თქვენ მათთვის წინასწარ გქონდათ სუფრა გამზადებული, რომელიც ჩოხატაურის პარტიულმა ხელმძღვანელობამ წინასწარ გთხოვათ…
_ ჩვენთან პარლამენტის წევრები იყვნენ – ბატონი არჩილ თალაკვაძე, კოპალეიშვილი. ოთხი თუ ხუთი პარლამენტარი იყო.
_ თქვენ არ იცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილიც იქნებოდა და მხოლოდ პარლამენტარებს ელოდებოდით?
_ მე ვიცოდი, რომ სტუმრები მოდიოდნენ. დაკონკრეტებით არ ვიცოდი და ვალდებული ვარ, რომ კარი გავუღო და ტაძარში ვილოცოთ.
_ ტაძარს არ ვგულისხმობთ, ვგულისხმობთ სუფრას, რომლის ღირებულებაც პარტიის ლიდერებმა გადაიხადეს…
_ მათ სურვილი და კეთილი ნება გამოთქვეს, თორემ არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან. იქიდან გამომდინარე, რომ მოდიოდნენ ისეთი წარმატებული ადამიანები, როგორებიც არიან ჩვენი პარლამენტარები და ა.შ. მათთვის გავაკეთეთ. ჩვენი ვახტანგ შაქარიშვილიც იყო, რომელიც ხშირად დადის.
მონასტრის აღმშენებელია ასევე ნიკოლოზ შაქარიშვილი, რომელიც ბატონი ვახტანგის ნათესავია და მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მონასტერთან. ისინი ხშირად დადიან და ახლაც იყვნენ, გამოხატეს ჩვენი თანადგომა, რომ ჩვენ სტუმარს დავხვედროდით შესაფერისად, ისე, როგორც ქართული ტრადიციაა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დედა მარიამმა.































































