ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ნადირის მომრავლება შეინიშნება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მგელმა ახალშენში რამდენიმე ძროხა დაგლიჯა. ნადირი დაფიქსირდა სოფელ ჭაჭიეთშიც.
ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში ზურა მათითაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ მოსახლეობას ეკრძალება ნადირზე სროლა და სპეციალურ სამსახურებს უნდა მიმართონ.
“მომრავლებულია ნადირი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, დათვმა ჭაჭიეთში დაჭამა. ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ თუ სპეციალური სამსახურები არ ჩაერთო. მოსახლეობისთვის აკრძალულია ნადირზე სროლა”,_ ამბობს მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში.
კითხვაზე, თუ ვინ უნდა მიმართოს სპეციალურ სამსახურს, მათითაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ.
თუმცა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში უშუალოდ მერიას პასუხისმგებლობა არ ეკისრება და ნადირთან გამკლავების მიზნით მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფს უნდა დაუკავშირდეს.
“მერიას უშუალოდ არ აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ დადებული აქვს ხელშეკრულება მონადირეთა ჯგუფთან. ამ ჯგუფის წევრებს ოფიციალურად აქვთ უფლება დახოცონ რაოდენობრივად 5 მგელი ან 10 ტურა. თუკი მოსახლოება მიმართავს ამ მონადირეთა ჯგუფს, ან შეიძლება მერის წარმომადგენლის ჩარევა იყოს საჭირო, ისინი მიიღებენ ზომებს. ასეთი პრობლემა კიდევ რამდენიმე სოფელშია და ასე ნაწილობრივ გვარდება “,_ გვპასუხობენ მერიაში.
ჩვენ დაკავშირება ვცადეთ მონადირეთა ჯგუფის ხელმძღვანელ ზვიად პატარავასთან, თუმცა უშედეგოდ. მასთან დაკავშირების შემთხვევაში, მიმართა თუ არა ჯგუფს ვინმემ დასახმარებლად ან როდის და რა ზომებს მიიღებენ,_ ამ კითხვებზე პასუხს აუცილებლად შემოგთავაზებთ.
ავტორი