მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, – წერია ბრძანებაში.
მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო.
ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს.
წყარო: იმედინიუსი