ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პარკში, დაახლეობით, 30 ხე მოჭრეს.
“მგონი, გვაქვს უფლება, გავიგოთ, რა იყო ამ ხეების მოჭრის მიზეზი? პროექტის დაწყების დროს მოჭრეს რამდენიმე ხე. ამის შესახებ ვიცოდით ოზურგეთელებმა. ყველა პროექტის გახორციელება კარგია, მაგრამ ისე ხომ შეიძლება გაკეთდეს, რომ ჯანმრთელი ხეები არ მოიჭრას“, – გვითხრა ერთ-ერთმა ოზურგეთელმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ხეების მოჭრის ფაქტი დაგვიდასტურეს და პრესსამსახურში შემდეგი სახის კომენტარი გააკეთეს.
“არსებობდა რამდენიმე ხე, რომელიც იყო პრობლემატური და საფრთხის შემცველი. ბოლო პერიოდში განვითარებული სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს ხეები მოჭრილიყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე დაირგო უნიკალური ჯიშის გინკო ბილობას ხეები და ასევე, განთავსდება სხვადასხვა სახეობის ახალი მწვანე ნარგავები.“ – გვითხრეს პრესსამსახურში.
ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები „განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
ავტორი