უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ოლეკსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველოსაც მიანიჭონ.
გონჩარენკო მიმართვის ნაწილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართულ ენაზე აკეთებს – “ძვირფასო ძმებო, ჩვენ მხარს დაგიჭერთ და ვიტყვით, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ევროპის ნაწილი და უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი” – ამბობს ის.
მან ევროპის საბჭოს თხოვა, რომ არ დაუშვან ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს.
“მივმართავ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, კვირის ბოლოს ევროკავშირის სამიტი გაიმართება. გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი მოლდოვას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს. დიახ, საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს.
ქართველებო, არავინ დაგტოვებთ! ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საუბრობენ თქვენზე, გვახსოვხართ და იმედი გვაქვს… უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უნდა იყვნენ ევროკავშირში, უნდა დაუახლოვდნენ ნატოს.
მეგობრებმა ნებისმიერი პრობლემა ერთად უნდა გადაწყვიტონ, ნაცვლად იმისა, რომ კარი დავკეტოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ის თავისთავად მოგვარდება. ჩვენი ადგილი დასავლეთშია!
ძვირფასო ძმებო, ჩვენ მხარი უნდა დაგიჭიროთ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. მომდევნო კვირაში, NATO-ს სამიტი იქნება და მინდა მივმართო თურქეთს, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი ფინეთს და შვედეთს. მივმართავ NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას და საქართველოს და მოგვეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ”. – თქვა გონჩარენკომ.
ავტორი