4 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ცნობილ იტალიელ არქიტექტორს უმასპინძლა. მიკელე დე ლუკიმ „მომავლის არქიტექტურაზე“ მასტერკლასი გამართა.
ღონისძიებას დაესწრნენ: სტუდენტები, არქიტექტორები, ურბანისტები, ქალაქმშენებლობის სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
„m²“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სასტუმროების ქსელის განვითარების ფარგლებში, მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. სწორედ ამას უკავშირდება იტალიელი არქიტექტორის ვიზიტი საქართველოში. მიკელე დე ლუკის ავტორობით „m²“ თელავსა და ახაშენში ახალი სასტუმროების მშენებლობის პროექტირებაზე მუშაობს.
ცნობილი არქიტექტორის სახელს უკავშირდება უამრავი მსხვილი პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის არის ვენეციისა და მილანის დიზაინის სკოლების საპატიო პროფესორი და არაერთი ჯილდოს მფლობელი. თავისი კარიერის მანძილზე მან მრავალი პროექტი განახორციელა საქართველოში, მათ შორის არის მშვიდობის ხიდი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა თბილისში.
„მოხარული ვარ, რომ ვიზიტის ფარგლებში მოხერხდა და მიკელე დე ლუკი დაგვთანხმდა მასტერკლასის გამართვაზე. მისი ხედვა ცალსახად ძალიან საინტერესო უნდა იყოს ქალაქმშენებლობის, არქიტექტურის, სამშენებლო და დიზაინის სფეროს პროფესიონალებისთვის. ჩვენ მასთან თელავისა და ახაშენის სასტუმროების პროექტირების ფარგლებში ვთანამშრომლობთ. მიმაჩნია, რომ ორივე პროექტი რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობის იქნება და ამასთანავე, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის“, _ ამბობს ირაკლი ბურდილაძე, „m²“-ის გენერალური დირექტორი. (R)