მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურება გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს – შემოქმედებით მიდგომაზე.
მისივე თქმით, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.
ბატიაშვილმა ანგარიშის წარდგენისას სკოლაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სკოლის რეფორმის ფარგლებში, რაზეც ვსაუბრობთ არის ხედვა, რომ უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები იმავე საგაკვეთილო პროცესში, ანუ დასწავლით ცოდნით დაგროვების მოდელიდან უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, წიგნიერება , ანუ, ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ჩვენი მომავალი თაობის წარმატებას. საერთაშორისო პრაქტიკაც იმას საუბრობს, რომ დღევანდელი, თანამედროვე სკოლის მოდელები გარდა დაგროვებითი ცოდნისა, ორიენტირებული უნდა იყოს იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც უკვე ვახსენეთ. ამიტომ, ეს ვფიქრობთ, რომ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც სკოლებში განხორციელდება”, _ განაცხადა მინისტრმა.