პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის განხილვისას “ქართული ოცნების” დეპუტატ, მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს შორის დაპირისპირება იყო.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ ყაველაშვილი პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და 20 ივნისის ღამეზე ისაუბრა. ყაველაშვილმა სანიკიძე 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შემოჭრასა და დაუმორჩილებლობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატმა ოპონენტი შეურაცხმყოფელ და ირონიულ კონტექსტში მოიხსენია.
“მე აქ ვიყავი, ძვირფასო “ნაციონალური მოძრაობის” წევრებო, ზემოდან გიყურებდით და შანსი არ უნდა გაგეშვათ, ესეთი საუბარი იყო, ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როცა ერთმანეთში საუბარი გქონდათ რომ ეს ამდენი გულწრფელად ძირითადი ნაწილი განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ და როგორმე სწორედ პარლამენტში შემოჭრით გადაწყვიტეთ. ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით.” – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამ ბრალდების გამო გუბაზ სანიკიძე გაბრაზდა, ფეხზე წამოდგა, რასაც მან სხვადასხვა რეპლიკით უპასუხა. რომლის შემდეგ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს უპასუხა:
“დაწყნარდი შენ ახლა, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ” – უთხრა ქართული ოცნების დეპუტატმა ოპონენტს.
მოგვიანებით დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ყაველაშვილმა მოგვიანებით თქვა, რომ აღელდა რის გამოც კოლეგებს და საზოგადოებას ბოდიში მოუხდა.