ყოფილი პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარ გულწრფელ პოზიციას აფიქსირებს, მათ შორის არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და პარლამენტის ვიცე სპიკერი დავით სერგეენკო.
ამის შესახებ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გლდანის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა:
“ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა დააყენა პროფესიული და სამოქალაქო ეთიკა და დააფიქსირა საკუთარი გულწრფელი პოზიცია, მათ შორის არის ბატონი ამირან გამყრელიძე და დავით სერგეენკო, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს ამ თემაზე. ეს პრეზიდენტის პოზიციაა.” – თქვა თუთბერიძემ.
ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი – კალიუმის მაჩვენებელი გუშინ იყო კრიტიკულ ზღვარს დაბლა, რამაც შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს:
“მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები, უფრო ზუსტად, კალიუმის მაჩვენებელი გუშინ იყო კრიტიკულ ზღვარს დაბლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი, მათ შორის ის, რაც ახლახანს გენადი ბესტაევს დაემართა და შესაძლებელია, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.
ამ ეტაპზე წამლებსაც არ იღებს, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება მან გარკვეული ტიპის მედიკამენტის მიღებაზე იფიქროს, ეს არის, თუ ამაზე დაელაპარაკება პირადი ექიმი.
მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს, დაუშვან ექიმი და დაივიწყონ ბრაზი, რაც, სავარაუდოდ, მათ აქვთ პირადი ექიმის მიმართ.” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.