ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ოდესის მერობაზე ოცნებობს. ამის შესახებ მან უკრაინული „24-ე არხის“ ეთერში განაცხადა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ოდესის მერობის არჩევნებში მონაწილეობას მას შემდეგ მიიღებდა, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრემიერ-მინისტრად იმუშავებდა.
სააკაშვილის თქმით, მის გუნდს აქვს გეგმა, როგორ უნდა მოხდეს უკრიანის სრული რეფორმირება 70 დღის განმავლობაში. მისი თქმით, რეფორმების გატარების შემდეგ, ის ოდესის განვითარებისთვის მუშაობაზე ოცნებობს.
„იცით რაზე ვოცნებობ? მინდა წავიდე და გავხდე ოდესის მერი. არ ვხუმრობ, რეალურად. ძალიან მინდა ოდესა განვავითარო. თუმცა ოდესის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ თამაშის ყველა წესის შეცვლით“, – განაცხადა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ოდესას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ის ბათუმზე 100-ჯერ უარესად გამოიყურება.
ამასთან, სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტად კენჭისყრას არ აპირებს.
1tv.ge