„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო. იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია“, _ ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო 300 ათასი ლარი ჯარიმა დაეკისრა ამავე საქმეზე სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას.
პროკურატურა ჯანაშიას ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.