სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს.ამასთან, როგორც ლომჯარიამ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.
სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილის ინფორმაციით, დაკავების დროს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მის წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებიათ.
„როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან, გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საკანში. მაინტერესებდა, როგორი იყო დაკავების გარემოებები, ხომ არ იყო არასათანადო მოპყრობა ან ძალის გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა სხეულზე დაზიანებები. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის დააკავეს დღეს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. მისი თქმით, იმყოფებოდა მარტო, დააკავა პოლიციამ. არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, დაკავების დროს და შემდგომ ძალა გამოყენებული არ ყოფილა. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის მიმართულებითაც განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს. აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.