საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მედიკოსი თავსა შეუძლოდ გრძნობს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ნინო გოგორიშვილის ჯანმრთელობის გაუარესება იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება, რომელიც მასზე გუშინ გახორციელდა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ექიმზე ზეწოლა სუს-ის მხრიდან განხორციელდა
,,გუშინდელ ფაქტს თუ გავიხსენებთ, რა მოხდა და რა პირობებში მოვიდნენ ჰოსპიტილის დირექტორი და ქალბატონი ნინო გოგორიშვილი კომენტარის გასაკეთებლად. გახსოვთ ალბათ, დირექტორმა წაიკითხა დაწერილი განცხადება ნინო გოგორიშვილის ნაცვლად და მერე ვნახეთ, რომ ასევე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ ქალბატონის კომენტარში სხვა პირები ერეოდნენ. ეს გარემოებები ერთობლიობაში, ბუნებრივია, ქმნის ძალიან გონივრულ და საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, მასზე ზეწოლა ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან, ალბათ სუს-ის მხრიდან“, _ განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, გორის სამხმედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეუცვალეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროა, სადაც მედიკოსი ადასტურებდა, რომ პაციენტის მკურნალობას საზღვარგარეთ საჭიროებდა.
მოგვიანებით ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ ხელი თავისივე დაწერილ ტექსტზე მოაწერინა.