„ქართული ოცნება“ თავად არ მალავს, რომ ხელისუფლებამ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე პროვოკაციების მოსაწყობად საკუთარი ხალხი მიავლინა. ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი რისხვის იმიტაცია. ნორმალურ ხელისუფლებას ამგვარი საქციელის ჩადენა არ უნდა აწყობდეს, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც საღი აზროვნების ლოგიკას არ ექვემდებარება“,_ ეს განცხადება „გურია ნიუსთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ზურაბიშვილმა გააკეთა.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჯერ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის საფრთხობელას ქმნის და შემდეგ მისი თავადვე ეშინია.
„ქართული ოცნების“ მიერ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურ მტრად არის გამოცხადებული. ხელისუფლების მიდგომა ასეთია _ თუ ქვეყნის სათავეში მე არ ვიქნები, მოვა მიხეილ სააკაშვილი და შეგჭამთ. მიხეილ სააკაშვილის საფრთხობელას ქმნიან და მისი თავადვე ეშინიათ.
ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ამოცანების შესასრულებლად ირგვლივ ისეთი ხალხი ჰყავს შემოკრებილი, რომელთა ნაწილი მიხეილ სააკაშვილის სისტემას ემსახურებოდა და სააკაშვილის მიმართ შიში დღესაც გამოყოლილი აქვს. პირადად მე სულ არ მეშინია მიხეილ სააკაშვილის და მას მტრის ხატად არ აღვიქვამ“, _ აღნიშნა ზურაბიშვილმა.