პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მოხდილი ბოდიში და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდა იმ დანაშაულების აღიარებაა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.
„ბოდიში რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს არის ზუსტად მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ. 8 წლის თავზე გაახსენდა მას ის დანაშაულები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა ნაც მოძრაობამ. ეს არ არის უბრალო დანაშაულები. მათი ნაწილი დამტკიცებულია ქართული სასამართლოს მიერ და ნაწილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ეს დანაშაულებია ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარა რუსეთს და შემდეგ ჩაიდინა ღალატი, როცა ევროსაბჭოს რეზოლუციით ოკუპაცია გაუფორმა რუსეთს. ეს არაფერი იყო ღალატის მეტი. როცა ქართულ ოცნებასთან შედარებით ნაკლებ გზებს დააგებ და საზოგადოებას 9 წელი ტყუილში აცხოვრებ, ესეც არის დანაშაული, რომელიც არ უნდა ეპატიოს. როცა უგულავასა და სხვებთან ერთად მოიპარავ მილიონებს, ესეც არ ეპატიება და ვერ გახდება მისი მხარდაჭერის საფუძველი. როცა დაიმორჩილებ მართლმსაჯულებას პარტნიორებთან ერთად, ასეთ დროს ბოდიში თავის თავზე მეტყველებს. ეს არის აღიარება იმ დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და ამ ბოდიშზე პასუხი რა თქმა უნდა ექნება საზოგადოებას. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საზოგადოების პოლიტიკური პასუხი საკმარისი არ არის, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და მან კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი იმ აღიარებიდან გამომდინარე“,_ განაცხადა კობახიძემ.
როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა,
„შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის“.