მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თვითდასაქმებულების, ბავშვების, სტუდენტების დახმარებას და კომუნალური გადასახადების დაფინანსებას ეხება, ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილს წარმოადგენს.
საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ განცხადება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გურული პოლიტიკოსები.
“დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრი ოზურგეთის საკრებულოში, შოთა გოგიბერიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეჭირვებულ ადამიანებს სისტემატურად უნდა ეხმარებოდეს.
„სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის ყველანაირ დახმარებას მივესალმებით. ზოგადად, ეს რომ უფრო სისტემური ხასიათის იყოს, საკანონმდებლო დონეზე რეგულირდებოდეს, რომ შეჭირვებული ადამიანები რეალურად იღებდნენ დახმარებებს და არ მანიპულირებდეს სოციალური სამსახური რაღაც გაურკვეველი ქულათა სისტემით, რომელსაც ვერავინ ხვდება და შემდეგ ეხსნება უამრავ ადამიანს დახმარება _ თუ ეს ნაკლოვანება იქნება აღმოფხვრილი, შეჭირვებული ადამიანები მიიღებენ დახმარებას და ეს იქნება საკითხის სისტემური გადაწყვეტა, მე ყველაფერს მივესალმები. მთავარია, ადამიანს სახელმწიფომ რაღაცაში შეუმსუბუქოს მდგომარეობა“,_ გვითხრა შოთა გოგიბერიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლანჩხუთში, კახა ასკურავა ამბობს, რომ აღნიშნული დახმარება ისევ ხალხის ფულიდან გაიცემა, თუმცა ეს ფული ნასესხებია, რაც მომავალში დიდ საგარეო ვალს განაპირობებს.
გარდა ამისა, ასკურავა მიიჩნევს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, წინასაარჩევნოდ ისევე გადაირჩინოს თავი და დატოვოს მის მიერ დაარსებული პარტია ხელისუფლებაში, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა, როდესაც მიხვდა, რომ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მოგების შანსი არ ჰქონდა და მოსახლეობა კარტოფილით და ხახვით მოისყიდა.
„ამ გადაწყვეტილებასთან არც გახარია და არც თალაკვაძე კავშირში არ არიან. პოლიტიკას აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მისი თვითგადარჩენის ინსტიქტი. ეს არის დაპირებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს გასცა ადამიანების გულის მოსაგებად, უფრო სწორად მოსასყიდლად. დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა მიზანმიმართული იყო, გაეღარიბებინა მოსახლეობა, რათა ადვილად ემართა იგი. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკა, რადგან ღარიბი ადამიანის მართვა გაცილებით იაფი დაუჯდებოდა ივანიშვილს. რა მოხდა მმართველობის ბოლო წელიწადს? _ მოსახლეობა ძალიან გაღარიბდა, გამწარდა და ამას დაემატა კოვიდ 19-ის მიერ ისედაც დამძიმებული ეკონომიკის კიდევ უფრო დამძიმება და ჩამოშლა; მოსახლეობა ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე მივიდა და ბიძინა ივანიშვილი უკვე მიხვდა, ის რომ ქობულეთში კიტრს და პომიდორს არიგებდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე კი _ კარტოფილს და ხახვს, ამით ვერ გავიდოდა ფონს. იმიტომ, რომ მოსახლეობა სერიოზულად გაღარიბებულია და ეტყობა, მოითათბირეს, რომ ისეთი მსუყე დაპირება უნდა გაეცათ, რომ ძალიან გაჭირვებული მოსახლეობის გული მოეგოთ. თუმცა, გამორიცხულია. ეს არის მოკლევადიანი, ერთჯერადი დაპირება, რომელსაც მოსახლეობა ხვდება და ზუსტად აცნობიერებს, რომ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, ხვალ გაცილებით უფრო დიდი გაჭირვება ელოდება, იმიტომ, რომ ფულს, რასაც ახლა არიგებს, არის მოსახლეობის ფული. მთელი უბედურება იმაშია, რომ ეს ფული ნასესხები ფულია, რომლის გადახდაც ჩვენს შვილიშვილებს მოუწევს. ეს ფული არ არის არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ ფული. ეს ფული არის ხალხის ფული, მაგრამ დოვლათით შექმნილი ფული კი არ არის, არამედ ნასესხები ფულია, რომელიც მერე აუცილებლად დასაბრუნებელი იქნება. იმხელა ვალი აქვს აღებული „ქართულ ოცნებას“ მისი მმართველობის პერიოდში, არსებობს სტატისტიკა და ვინც შემომედავება, გაეცნოს, რამხელაზეა გაზრდილი საგარეო ვალი. ნასესხებ და ბიუჯეტში ჩადებულ ფულს აძლევს ხალხს. ეს ისედაც ხალხის საკუთრებაა, მაგრამ მთელი უბედურება არის იმაში, რომ ეს არის ძალიან მოკლევადიანი, რადგან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ეს ქვეყანა განწირულია ეკონომიკური დეპორტისთვის, ძალიან ბევრი პირობიდან გამომდინარე. მათი სტრატეგიაა გამოართვან, ჩაიდონ ჯიბეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს ასეთ პირობებში ცხოვრებას კიდევ 4 წლის განმავლობაში. ამასაც არ გასცემდა, უბრალოდ, მიხვდა, რომ ძალიან აქვს „დარხეული“ და მაქსიმალურს ცდილობს“,_ გვითხრა ასკურავამ.
კახა ასკურავას მსგავსი მოსაზრება გააჩნია, მოძრაობა „ლელოს“ ლანჩხუთელ ლიდერს, იური კუპრაძეს.
კუპრაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ „ოცნების“ პოლიტიკა მიზნად ისახავს ხალხის გაღარიბებას. პანდემიამ კი ხალხის მდგომარეობა გააუარესა. ხელისუფლებისგან ხალხის დახმარება მისასალმებელია, მაგრამ წინასაარჩევნოდ გროშების გაცემა საქმეს ვერ უშველის და საჭიროა ძირეული ცვლილებები.
„მივესალმებით ყოველგვარ დახმარებას მთავრობის მხრიდან იქნება ეს თუ კერძო ბიზნესიდან, რომელიც გააუმჯობესებს ადამიანების და ჩვენი მოქალაქეების ყოფას. მაგრამ აქ არის რამდენიმე ისეთი საკითხი, რომლის მიხედვითაც უნდა შევაფასოთ მთავრობის მოქმედება _ რატომ დღეს, აი, ასეთი დახმარება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ხელისუფლება არის წარუმატებელი. „ოცნების“ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააღატაკა ხალხი. გააღატაკა იმიტომ, რომ ეკონომიკა უკან მიდის, ხალხს შემოსავალი არ აქვს. ხალხი, უმეტესად რეგიონებში სოციალური დახმარებებით არსებობენ, ე.ი. „ოცნების“ პოლიტიკა არის ღარიბი ხალხის მართვა. კატასტროფულად არის შემცირებული ინვესტიციები 2019-2020 წლებში, გააჩერეს დიდი პროექტები. 2018-2019 წელს ჩემი ინფორმაციით, დაიკარგა 11 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა, როცა უნდა შეექმნა. რას დაპირდა გაზაფხულზე მთავრობა ხალხს. გვახსოვს 200-300 ლარიანი დახმარებები, მაგრამ ბევრ ადამიანს ეს დახმარება არ მიუღია. არ ვიცი ეს ფულის უკმარისობის, თუ რის გამო, მაგრამ ვიცი, რომ ბევრმა ვერ მიიღო. ახლა კიდევ ახალ დახმარებას გვთავაზობს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკი, გროშების ხარჯზე ხალხის მოსყიდვა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამე რასაც აცხადებენ ხალხამდე ვერ მივა. საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხა მთავრობა, როდესაც წლევანდელი ბიუჯეტის 45% ვალებით არის შევსებული და ამ ვალებით დახმარების გაწევა რას ნიშნავს? ჩვენს შვილებს ვუტოვებთ უზარმაზარ ვალს. 2012-ში რომ იყო მთავრობის ვალი 9 მილიონი დოლარი თუ ლარი, დღეს _ 27-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ 2400 ლარი იყო 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე დავალიანება, წელს _ 7 400-ია. მივესალმებით ყველანაირ დახმარებას, მაგრამ რის ხარჯზე ხდება ეს დახმარება? რატომ ხდება წინა საარჩევნოდ და რატომ არ გადადგმულა ერთი ნაბიჯი ეკონომიკის გასაძლიერებლად, ამიტომ გროშების გაცემა საქმეს ვერ უშველის და საჭიროა ძირეული ცვლილებები, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ და სიღატაკე დავძლიოთ“,_ გვითხრა იური კუპრაძემ.
ჩოხატაურის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე, მაია გიორგაძე კი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„რაც კარგი გაკეთდება, მივესალმები ყველაფერს. ისიც ძალიან კარგია, რომ 200 ლარია ამ სასკოლოდ ბავშვებისთვის. ვიღაცის მშობელი უმუშევარი დარჩა, ვიღაცას 2-3 ბავშვი ჰყავს, ეს სულ არარაობას, რაღაცას ნიშნავს. თუნდაც დენის და გაზის გადასახადიც ანალოგიურია. შეიძლება ზამთრის პერიოდში ვიღაცას მეტი ჰქონდეს დანახარჯი, ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობას რაც შეღავათი გაუკეთდება, კარგია“,_ ამბობს მაია გიორგაძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლანჩხუთის საკრებულოში, ამირან გიგინეიშვილი, ასევე, მიესალმება ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გიგინეიშვილი მიიჩნევს, რომ ხალხის დასახმარებლად გასაკეთებელი უფრო მეტია, მაგრამ მოსახლეობაზე, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა აისახოს პანდემიით გამოწვეული ცუდი მდგომარეობა.
„მოსახლეობა არ არის კარგ მდგომარეობაში გამომდინარე ამ კორონავირუსიდან. არის ეკონომიკური ვარდნა, რამაც ბიუჯეტის სეკვესტრები გამოიწვია, როგორც ცენტრალურის, ასევე ადგილობრივების. ყველგან, მათ შორის ლანჩხუთში მივიღეთ ბიუჯეტის შემცირება. შესაბამისად, მოსახლეობაზე, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა აისახოს კრიზისი, რაც გამოწვეულია არსებული მდგომარეობით. შესაბამისად, გადაწყვეტილება კარგია და ვფიქრობ, უფრო მეტიც უნდა ყოფილიყო“, _ ამბობს ამირან გიგინეიშვილი.
ცნობისთვის, ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი ითვალისწინებს დახმარებას თვითდასაქმებულებითვის, კერძოდ, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დახმარება სექტემბრამდე ჩაირიცხება.
აღნიშნული ჩარიცხვებით თვითდასაქმებულების დახმარების პროგრამა სრულდება.
„ერთჯერად 300-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით, მთავრობას 250 000-მა საქართველოს მოქალაქემ მომართა. ეს დახმარება 170 000-მა მოქალაქემ უკვე მიიღო. თუმცა, სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, გადავწყვიტეთ, დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომლებმაც სრულად ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით, თხოვნა დაუკმაყოფილდეს და დაერიცხოს ეს ერთჯერადი 300 ლარი. ამით ეს პროგრამა დასრულდება“, _ გიორგი გახარია.
გარდა ამისა, 17 წლის ასაკის ჩათვლით, თითოეული ბავშვი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს.
ბავშვებისთვის სოციალური დახმარება სასწავლო წლის დაწყებისას გაიცემა.
„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი მოქალაქეები, 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ და ეს იქნება ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში“, – გიორგი გახარია.
აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილი ითვალსიწინებს სტუდენტების დახმარებასაც.
კერძოდ, პრემიერის განცხადებით, დახმარებას მიიღებენ ასევე სტუდენტები, რომლებსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ ერთი სემესტრის, 2020-2021 წელის 1 სემესტრის სრულ ანაზღაურებას და გარდა ამისა, სტუდენტები, რომელსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე არიან და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის სწავლის საფასურს და ეს არის 1 225 ლარი.
პრემიერის განცხადებით, ამ შეღავათით ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წელი რთული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის.
პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებში დაუფარავს.
გადასახადების დაფარვა მთავრობის მიერ იგივე პრინციპით მოხდება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
„200 კვტ საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბურ მეტრ გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული“,_ განაცხადა გახარიამ.