ხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა.
განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა.
დაზარალებულმა გოგომ მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს უთხრა, რომ მას ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ.
პროკურატურამ ბრალდებულს გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და პროკრატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი.
გაუპატიურება ამ საქმეზე სასამართლომ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის.
„სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას. ბრალდებულის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებული, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში.
ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო.
გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ჯაბა ანანიძე