გუშინ ამერიკულმა გამოცემამ „Behindthebuckpass“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. უახლოეს დღეებში ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკისთან“ სრულფასოვან ხელშეკრულებას გააფორმებს. ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ თებერვალში დამატებულმა დეანდრე ბემბრიმ მძიმე ტრავმა მიიღო, მისთვის სეზონი დასრულდა და კლუბმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. შესაბამისად განაცხადში თავისუფალი ადგილი გამოჩნდა.
„ფლეი-ოფის დაწყებამდე „მილუოკის“ განაცხადში თავისუფალი ადგილი გაჩნდა. ყველაზე აშკარა კანდიდატი მამუკელაშვილია, რომელსაც კლუბთან 2-წლიანი არასრულყოფილი კონტრაქტი აკავშირებს. „მილუოკის“ შეუძლია მამუკელაშვილთან მიმართებით ისე მოიქცეს, როგორც გასულ წელს მამადი დიაკიტესთან დაკავშირებით, როცა მხარეებს შორის სრულფასოვანი კონტრაქტი გაფორმდა. ეს შესანიშნავი ნაბიჯი, კარგი ჟესტი იქნება მამუკელაშვილის რესურსიდან, მისი პოტენციალიდან და მისი ასპარეზობიდან გამომდინარე.“
ესპანური გამოცემა „AS“-ის მტკიცებით, გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი მესუთ იოზილი, შესაძლოა, შოთა არველაძის გაწვრთნილ „ჰალი სიტიში“ აღმოჩნდეს.
ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბი „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტმა ალი კოჯმა განაცხადა, რომ მოთამაშესთან ჯერ არ უსაუბრიათ, რადგან გადაწყვეტილი გეგმა ჯერ არ აქვთ და ყველაფერს გუნდის სასარგებლოდ გააკეთებენ. თუმცა, თურქულ მასმედიაში დაიწერა რომ კლუბი იოზილთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს. „ჰალი სიტის“ თურქი მფლობელი იოზილის მეგობარია და თავის გუნდში გადასვლაზე დაყოლიებას ცდილობს.
გუშინ იტალიურმა ვებგვერდმა „napolipiu.com“ დაწერა რომ ჟოზე მოურინიოს „რომა“ ბოლო პერიოდამდე აქტიურად ცდილობდა მოლაპარაკებებში ჩართვას და ხვიჩა კვარაცხელიას რომში გადაყვანას, თუმცა ქართველმა არჩევანი „ნაპოლის“ სასარგებლოდ გააკეთა.
გუშინ ბრაზილიურმა გამოცემამ „გლობო ესპორტე“ გაავრცელა ცნობა რომ დიდი ალბათობით, მსოფლიო პირველობის დასრულების შემდეგ ბრაზილიის ეროვნულ გუნდს პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს. ყატარში დაგეგმილი მსოფლიო პირველობის შემდეგ ბრაზილიელთა ამჟამინდელი თავკაცი ტიტე გადადგომას აპირებს.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე დაიწყეს ტიტეს შემცვლელის ძებნა და მთავარი კანდიდატიც დაასახელეს – პეპ გვარდიოლა. ბრაზილიაში ფიქრობენ, რომ გვარდიოლა ამ სამსახურზე უარს არ იტყვის და მათ ნაკრებს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაწვრთნის. გვარდიოლას „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2023 წელს უსრულდება.
ფრანგული გამოცემა „France Bleu“-ს მტკიცებით, ზინედინ ზიდანი „პარი სენ ჟერმენის“ ჩაბარების უმთავრესი კანდიდატია. ამის გარდა დიდი ალბათობით კილიან მბაპე „პსჟ“-ში დარჩება და მადრიდის „რეალში აღარ გადავა.
პარიზული კლუბი მბაპეს წლიურად 40 მილიონ ევროს შესთავაზებს. გარდა ამისა, ფეხბურთელი მადლობისა და ერთგულების ნიშნად 150 მილიონ ევროს მიიღებს. მბაპემ კი სანაცვლოდ მხოლოდ 2-წლიან კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი. ამის გარდა უკვე ცნობილია რომ მინიმუმ ერთი წლით კლუბში ლეო მესიც დარჩება. რაც შეეხება ნეიმარს, „პსჟ“ ბრაზილიელის გაყიდვას არ გამორიცხავს.
რამდენიმე დღის წინ იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა „პარმამ“ ახალგაზრდა უკრაინელ ემიგრანტს სიურპრიზი გაუკეთა. ბიჭს, რომელიც რუსულ აგრესიას იტალიაში გაექცა, თავის კერპს, ლეგენდარულ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს შეახვედრეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვლადისლავმა დედასთან და უმცროს დასთან ერთად ლვოვი დატოვა და ბებიასთან წავიდა, რომელიც რამდენიმე წელია რომში ცხოვრობს. ბიჭს უყვარს ფეხბურთი, მეკარის პოზიციაზე თამაშობს, იტალიაში ჩასვლის შემდეგ კი „სან პაოლო ოსტიენსეს“ საფეხბურთო სკოლის რიგებს შეუერთდა.
„პარმას“ ვებგვერდის ცნობით, ბოლო ინტერვიუში ვლადმა აღნიშნა, რომ ჯანლუიჯი ბუფონი მისი კერპია. „პარმას“ ამჟამინდელმა კაპიტანმა სტატია წაიკითხა და გადაწყვიტა, ბიჭი და მთელი მისი ოჯახი სერია B-ს შეხვედრაზე „კომოსთან“ (4:3) მიეწვია.
როცა ვლადმა მისკენ მიმავალი ბუფონი დაინახა, თავიდან არც კი იცოდა, რა ეთქვა. როცა მას ჩაეხუტა, სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა და ცრემლები წამოუვიდა. თავად ბუფონი ბიჭთან შეხვედრას ემოციურად გამოეხმაურა, ახალგაზრდა გულშემატკივარს ავტოგრაფიანი მაისური გადასცა და მრავალი ერთობლივი ფოტო შესთავაზა.