საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენი უკვე სწავლობს მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას. ამასთან, სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს განახორციელონ პროაქტიული და კოორდინირებული ქმედებები.
სახალხო დამცველის თქმით, ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ:
- ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის, ან საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს;
- საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებს და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ;
- საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების შემჩნევის შემთხვევაში გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროულად მიმართოს სამართალდამცავებს, მათ შორის, დააფიქსიროს შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112-ში“.
“სახალხო დამცველი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგიარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს.საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე – 1481“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.