აზოვის პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ აზოვსტალის ქარხნიდან კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, „მეორე დღეა მტერი შეიჭრა ქარხნის ტერიტორიაზე, მიმდინარეობს სისხლისმღვრელი ბრძოლა და სამხედროები ბრძანების შესრულებას გააგრძელებენ.
,,მეორე დღეა, რაც მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. მიმდინარეობს მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლა. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც მტრის იერიშის შესაჩერებლად ზეადამიანურ ძალისხმევას მიმართავენ. მადლობას ვუხდი მთელი მსოფლიოსი, მარიუპოლის გარნიზონის კოლოსალური მხარდაჭერისთვის. ჩვენი სამხედროები ამას იმსახურებენ. მდგომარეობა ძალიან რთულია! მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას – დაცვის შენარჩუნებას”, – თქვა პროკოპენკომ ვიდეომიმართვაში.
აზოვის პოლკის მეთაურმა აღნიშნა, რომ მარიუპოლის დამცველები ქალაქს 70 დღეა იკავებენ. 25 აპრილიდან ისინი აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე რუსი დამპყრობლების მიერ არიან ალყაში მოქცეულები და აწარმოებენ ყოვლისმომცველ თავდაცვით ოპერაციას.
რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ. აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ.
ამასთან ერთად,უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.
19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.
ავტორი