წუხელ, გვიან ღამით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „თერგში“ ხანძარი გაჩნდა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა, ხანძრის შესახებ შეტყობინება 0:14 სთ-ზე მიიღეს.
„ხანძრის შესახებ შეტყობინება შემოვიდა 0:14 წუთზე და 0:18 წუთზე ადგილზე იყო რამდენიმე სახანძრო მანქანა. წუხელ 30 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა ადგილზე. ცეცხლი გაჩენილი იყო სარდაფში, მესამე სართულზე და სხვენზე. ჯამში, 5 000 კვადრატული მეტრია დამწვარი. სალიკვიდაციო სამუშაოები მალე დასრულდება. ახლა მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე რჩება 20 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა“, _ ამბობს ფეიქრიშვილი.
სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად იმ მაღაზიების მეპატრონეები რჩებიან, ვინც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ.
როგორც ცნობილია, მათ უმეტესობას საქონელი დაზღვეული არ ჰქონდა.
ისინი ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ და ასევე, გადარჩენილი პროდუქტის უსაფრთხოდ გამოტანას ითხოვენ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.