დღეს საქართველოში მეშახტის დღე აღინიშნება.
აღნინშულ თარიღთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მინისტრ ნათელა თურნავას გაცხადებას ავრცელებს:
„მთელი საქართველო აღნიშნავს მეშახტის დღეს, მაგრამ ქალაქ ტყიბულსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში ეს დღე გაცილებით მეტია. აქ ალბათ არ არის ოჯახი, სადაც მეშახტეს არ უცხოვრია და ამდენად, აქ ყველაზე უკეთ იციან, რამდენად მძიმე და მნიშვნელოვანია ეს პროფესია.
მინდა მოგილოცოთ ყველას – მათ, ვისაც ტყიბულის ქვანახშირის შახტებიდან გამოაქვს საქართველოს ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნედლეული და მათ, ვინც ამ ხალხს ოჯახებში ხვდებით.
აუცილებლად მინდა მოვიგონო ისინი, ვინც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაიღუპა.
ეს ყველას დღეა.
დღეს ტყიბულის შახტები სამართავად ახალ ინვესტორს აქვს გადაცემული. მთავარი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ მათ მიმართ გვქონდა და გვექნება მომავალშიც, სწორედ მეშახტეთა საქმიანობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას შეეხება. უსაფრთხოების ნორმების დაცვა არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაზეც ჩვენ არ წავალთ და მინდა, ეს თითოეულმა მეშახტემ იცოდეს.
ჩვენ, ინვესტორ კომპანიასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა, პირველ რიგში, თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგოს ტყიბულის შახტებში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ნედლეულის მოპოვებისას უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე აუცილებელია „საქნახშირის“ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა.
მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პერიოდში ტყიბულის შახტებიდან არ შეჩერებულა ქვანახშირის მოპოვება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ, ტყიბულში ამ მნიშვნელოვანი საწარმოს გამართული საქმიანობის უზრუნველყოფას, რომელიც წარმატებით მოემსახურება როგორც საწარმოში დასაქმებულებსა და მათ ოჯახებს, ასევე ქალაქ ტყიბულსა და მუნიციპალიტეტსა და მთლიანად საქართველოს“,_ წერია განცხადებაში.