შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ზაზა სარალიძემ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზვიად კუპრავამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზა სარალიძემ აღნიშნა, ის ტალახი, რასაც კუპარვას მიმართულებით ისვრიან, მის მიმართაც არის ნასროლი.
„ჯერჯერობით ისევ ველოდები მთავრობის ფორმირებას. ფაქტია, რომ მთავრობა არ გვყავს და ვის რა პასუხი მოვთხოვოთ. ახლა მინდა შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართო, რომ დაუყონებლივ გაასაჯაროვოს კუპრავას ყველა მოქმედება, რაც კი იყო წარსულში და რასაც ეძახიან და რა ტალახსაც ისვრიან. ვთვლი, რომ ის ტალახი, რასაც კუპრავას მიმართულებით ისვრიან, ჩემი მიმართულებით არის ნასროლი. თუნდაც ის კადრები, რაც გავრცელდა, რომ ვითომ კუპრავამ დაარბია მშვიდობიანი მოსახლეობა და დღეს კუპრავას ედავებიან რაღაც სისულელეს სასადილოს ინცფიდენტთან დაკავშირებით და იმ დარბევაზე და იმ გვამებზე ვერაფერს ამბობენ? ეს ხომ სირცხვილია, ხალხო. კომისიის მუშაობის კმაყოფილი ვარ და საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ _ მე, ზვიად კუპრავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი ვითხოვდით სამართლიანობის აღდგენას და არ ვიტყუებოდით“, _ განაცხადა სარალიძემ.
როგორც ცნობილია, ზაზა სარალიძე დღეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებაშია დაბარებული.
როგორც გუშინ ცნობილი გახდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობს.