სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც მინდობით აღზრდაში არიან, სახელმწიფო დაფინანსებას უზრდის. 450 ლარის ნაცვლად მათი მეურვეები ყოველთვიურად 600 ლარს აიღებენ.
ცვლილებები „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შევიდა. ახალი რედაქციით, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა.
ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 200 ლარი; რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 15 ლარი. ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 300 ლარი.
გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარი; ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარი. რეინტეგრაციის შემწეობა ბავშვისათვის – თვეში 90 ლარით განისაზღვა. განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 130 ლარით.
სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ცვლილების მიზანია, ოჯახებმა უკეთ იზრუნონ მინდობით აღზრდაში მყოფ, განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვზე, რადგან ასეთი ბავშვების მოვლა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
საქართველოში მინდობით აღზრდაში 1474 ბავშვია, საიდანაც 219 შშმ სტატუსის, 40 კი განსხვავებული საჭიროების მქონეა.