გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი სტუმრობდა. ის, გურიის გუბერნატორთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, შეხვდა მუნიციპალიტეტების გამგებლებს, გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში, ასევე, სურსათის სააგენტოს რეგიონული სამსახურის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურების წარმომადგენლებს და ვრცლად ისაუბრა საქართველოში შემოჭრილი მავნებლის _ აზიური ფაროსანას წარმომავლობაზე, თუ როგორ და რანაირად შემოვიდა ის საქართველოში და რა მასშტაბის ზარალი შეიძლება, მოგვაყენოს.
_ ფაროსანამ თხილიდან სიმინდზე გადაინაცვლა, თუმცა შემდეგ საით გასწევს, ამას ვერავინ იტყვის. მთავარია ის, რომ ჩვენ მივდევთ ყველგან. სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს მავნებლის საწინაღმდეგო ღონისძიებებს, ფაროსანას ომს ვუცხადებთ. ამაში თქვენი ძალისხმევა დიდია, მოსახლეობა უნდა დაირაზმოს, ისე ვერ მოვერევით და გადაუვლის ყველაფერს, გადავა აღმოსავლეთ საქართველოშიც. პოზიციაა თუ ოპოზიცია, კმაყოფილი თუ უკმაყოფილო _ ამ სასტიკი მავნებლის წინააღმდეგ ერთად უნდა დავირაზმოთ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამ ეტაპზე და მართალი ინფორმაცია უნდა მივიდეს თითოეულ ოჯახში, _ თქვა მან და დააკონკრეტა, როდის და რა სახის სამუშაოები უნდა გატარდეს, წლის მანძილზე.
გიორგი ხანიშვილმა უპასუხა „გურია ნიუსის“ კითხვებს. ვრცლად ამ შეხვედრის შესახებ, ჩვენს მკითხველს უახლოეს საგაზეთო წერილში ვუამბობთ.