შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეთა იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, დაკავებულია 40 პირი.
მღებრიშვილი აცხადებს, რომ „თუკი ვინმეს თავში იხარშება, კიდევ გამოვიდეს აქციაზე, ჩემი რჩევა იქნება, დარჩეს სახლში“.
„მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რომელიც ერთ ქუჩას არ გასცდენია.
40-მდე ადამიანი გვყავს დაკავებული. პირობას ვდებ, დაუსჯელი არ დარჩება არავინ, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა“, – განაცხადა შს მინისტრმა.
მღებრიშვილის თქმით, სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს.
„მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება, პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და
ეს ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტებს, ვიდრე ეს ჩაიდინა ერთმა ქუჩამ“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, ყველა კანონდამრღვევი დაისჯება.
„მიმდინარეობს იდენტიფიცირება და ნაწილი მათგანი არის სს პასუხისგებაში მიცემული. გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, – აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება აჭარის პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის თანამდებობის საკითხს, რომლის გათავისუფლებასაც აქციაზე ითხოვდნენ, ამ დროისთვის, ეს საკითხი არ დგას.
„რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოველგვარ ზღვარს სცდება, დეტალურად შევისწავლით პრეტენზიებს, არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებასაც, მაგრამ ამ დროისთვის, არა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, არსებობს ჩანაწერი, როგორ დაიწყო არეულობა ბათუმში. ხოლო, რაც შეეხება საკითხს, როგორ მოიქცევა შსს აქციის განმეორების შემთხვევაში, მინისტრი მათ აფრთხილებს.
„თუკი ვინმეს თავში იხარშება, რომ კიდევ გამოვიდეს, ჩემი რჩევა იქნება, დარჩეს სახლში და მსგავს არეულობაში არ მიიღოს მონაწილეობა. პირობას ვდებ, მსგავს არეულობაში არ მიიღონ მონაწილეობა,
თორემ კიდევ გამოიყენებს პოლიცია პროპორციულ ძალას“, – განაცხადა შს მინისტრმა.
ამ დროისთვის, ბათუმში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქისთვის მიყენებულ ზარალს ეტაპობრივად დაითვლიან.