რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმეზე – სასამართლოში საქმის განხილვა დღეს განახლდება. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. მათ უჭირთ პროგნოზირება რა შედეგით დასრულდება აღნიშნული საქმის სამართლებრივი განხილვები, თუმცა როგორც “კურიერთან” სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ზუკა ბერძენიშვილმა განაცხადა, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.
“წარმოდგენა არ მაქვს რას იზამენ, აქედან დასკვნის გამოტანა, საით მიდის ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შემართებას ვერაფერს დააკლებს, იმიტომ რომ მირჩევნია 15 დღე ვიჯდე, ვიდრე მომავალი არ მქონდეს,” – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.
18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 37 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გუშინ, გვიან ღამით გაათავისუფლეს. პროცესი ხმაურიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.